საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ისტორიკოსი და იურისტ-სამართალმცოდნე ვაჟა შაქარაშვილი ახალ წიგნზე მუშაობს. 1000-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციის, ტელე და რადიო გადაცემის, არაერთი შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო თუ ინფრასტრუქტურული პროექტის ავტორი, დაინტერესებული მკითხველისთვის ამჯერად ლიტერატურულ ნაშრომს სახელწოდებით - „გორის სამწერლობო წარსულიდან“ - ამზადებს. სადაც ჩვენი ქალაქის კულტურული წარსულის შესახებ გაუსაჯაროებელი ფაქტები და დეტალები იქნება თავმოყრილი.
შეგახსენებთ, დამსახურებულ ავტორს, რამდენიმე დღის წინ, „გორის დღე 2019“- ზე, ქალაქის კულტურულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გორის საპატიო მოქალაქის სტატუსიც მიანიჭეს.
„გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების გამო. ჭარბსიტყვაობით თავს არ შეგაწყენთ, რამეთუ ქუხს ადამიანური ემოციები. გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ თითოეული თქვენგანის, იმ ადამიანთა მიმართ, ვინც აღიქვა, შეაფასა და დააფასა ჩემი მოკრძალებული ღვაწლი ქალაქისა თუ ქართული სახელმწიფოს წინაშე. გორის საპატიო მოქალაქის წოდება ჩვენთვის ის დაფნის გვირგვინია, რომელიც მჯერა, არასდროს დაჭკნება. ურემი მძიმეა, თუმც ტვირთი ამსუბუქებს მას. შევეცდები, კვლავაც ღირსეულად, გაუტეხლად ვატარო ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რასაც გორის, ქვეყნის მსახურება ჰქვია“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას, ვაჟა შაქარაშვილმა