კულტურის პალატამ პანდემიის გამო შეჩერებული პროექტების განხორციელება გორიდან განაახლა. გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, დამსახურებული მსახიობისა და რეჟისორის, ანზორ გვაძაბიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
გორის საპატიო მოქალაქის, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატის, ლილი იოსელიანის სახელობის ჯილდოსა და არაერთი წოდებისა და ტიტულის მქონე დამსახურებული ხელოვანის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე, თეატრის მესამე სივრცეში, ღია ცის ქვეშ, ანზორ გვაძაბიას მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „ღია ზღვაში“.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, კულტურის დამსახურებული მოღვაწეები, რეჟისორები, მსახიობები და ანზორ გვაძაბიას თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ცნობილი რეჟისორი და მსახიობი სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა გორის, ფოთის, ზუგდიდისა და გრიბოედოვის თეატრებში.
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ გახსნილი პირველი ვარსკვლავი ლეო ოზგებაშვილის სახელს ატარებს, მეორე ვარსკვლავიც გორის თეატრის გამორჩეულ მსახიობს ხვდა წილად.