საზოგადოება
24.07.2020 12:55
მაქსიმალური ორგანიზებულობით ვცდილობთ, ალოობის პროცესში ფერმერებს შეფერხება არ ჰქონდეთ - ლევან დავითაშვილი

შიდა ქართლის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შევიდა. ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის აღებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ ეხმარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი მოსავლის აღების პროცესს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, წელს მაღალი მოსავლიანობა არ ფიქსირდება, თუმცა, სახელმწიფო ყველანაირად გვერდში უდგას ფერმერებს და არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება.

„სოფელ ზემო ნიქოზში დავათვალიერეთ ნათესების აღების სამუშაოები, სადაც ფაქტობრივად საოკუპაციო ხაზზე მიმდინარეობს ალოობის პროცესი. მე ვიტყოდი, რომ საშუალო მოსავლიანობაა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მაღალმოსავლიანობა არ ფიქსირდება, მაგრამ მაქსიმალური ორგანიზებულობით ვცდილობთ ფერმერებს არ ჰქონდეთ შეფერხება მოსავლის აღების პროცესში“, - განაცხადა ლევა დავითაშვილი.

რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებში ფერმერებს სახელმწიფო შეძლებისდაგავარად უდგას გვერდში.

„შიდა ქართლში უკვე დაიწყო მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება. სახელმწიფო მაქსიმალურად არის ჩართული და ხელს უწყობს ფერმერებს დროულად და შეუფერხებლად განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ადგილობრივებს ჩვენი მხარდაჭერა აქვთ, რათა შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი,“ - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, შიდა ქართლის რეგიონში მობილიზებულია 63 ერთეული კომბაინი, საიდანაც 32 ერთეული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიას ეკუთვნის. მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.

კვირის ამბები