გორის მუნიციპალიტეტის მერია მალე ახალი ელექტრონული სერვისების სისტემით ისარგებლებს. ახალი ელექტრონული პლატფორმის შექმნა მიზნად ისახავს მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდას. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ ნოვაცია მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მუნიციპალიტეტისგან ერთი ფანჯრის პრინციპით, ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„გორის მერიის თანამშრომლებს პროგრამის მუშაობის სპეციფიკას ირმა სეხნიაშვილი გააცნობს. ბიზნეს-ანალიტიკოსმა ტრენინგ-სემინარებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები გორის მერთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად უკვე განიხილა. მან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე. პროგრამა პროექტის ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში ინერგება და მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მერთი ფანჯრის პრინციპით, ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ახალი ელექტრონული სერვისების სისტემის დანერგვის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს.