საპატრულო პოლიციის გორის სამმართველოს ყოფილ თანამშრომელს, ზაზა ალავერდაშვილს, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა. მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე. ბრალდებულის ადვოკატმა კი სასამართლოს არასაპატიმრო პირობები და 5 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა.
ალავერდაშვილის საქმის პროკურორის, კონსტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა, მისივე განცხადებით, დაზარალებულისთვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დასტურდება.
,,საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები, ასევე ავტომანქანიდან ამოღებული მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები. ექსპერტიზით მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება, რაც მას როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის მხრიდან აქვს მიყენებული", - განაცხადა ცაცუამ.
ზაზა ალავრედაშვილის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებს და ამბობს, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია. ვათიაშვილის განმარტებითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გვაქვს. დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, არის კოღოს ნაკბენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“, - აცხადებს ვათიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ალავერდაშვილს ბრალი 22 ივლისს წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.