კონფლიქტები
16.10.2019 12:12
საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს - სუს-ის უფროსობის კანდიდატი

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს.  „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის, უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები”, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კვირის ამბები