კულტურის პალატა პანდემიის გამო შეჩერებული პროექტების განხორციელებას ანზორ გვაძაბიას სახელობის ვარსკვლავის გახსნით იწყებს
ჩვენ ვიწყებთ! პანდემიის გამო ბევრი პროექტი იქნა გაჩერებული. 26 ივლისი, გორი, ერისთავის სახელობის თეატრი. დასაწყისი 21:00 სათზე. ანზორ გვაძაბიას სახელობითი ვარსკვლავის გახსნა - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დამსახურებული მსახიობისა და რეჟისორის ანზორ გვაძაბიას სახელობის ვარსკვლავის გახსნას. დავით ოქიტაშვილი, ასევე, აქვეყნებს 83 წლის მსახიობის მიერ გორის, ფოთის, ზუგდიდისა და გრიბოედოვის თეატრებში შესრულებული როლებისა და რეჟისორული ნამუშევრების შესახებ ინფორმაციასაც.
როგორც GMnews-ისთვის ცნობილია, საქართველოს კულტურის პალატა ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის და შესაბამისი ღონისძიების საორგანიზაციო უზრუნველყოფას მოახდენს.
გორის საპატიო მოქალაქეს, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატს, ლილი იოსელიანის სახელობის ჯილდოსა და არაერთი წოდებისა და ტიტულის მქონე დამსახურებული ხელოვანის ვარსკვლავის გახსნამდე სამი დღეა დარჩენილი. ცერემონია ამავე დღეს, 26 ივლისს დაანონსებული სპექტაკლის - „ღია ზღვაში“ - დასრულების შემდეგ დაიწყება, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ ანზორ გვაძაბია თამაშობს.