კონფლიქტები
23.07.2020 11:19
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ ცხინვალში მცხოვრებ ცოლ-ქმარს 16 და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ ცხინვალში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - სერგეი ლიპინს და ნანული ჭულუხაძე-ლიპინას 16 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ე.წ. სამართალდამცავებმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ცოლ-ქმარი ერთი წლის წინ დააკავა.

ახალი ამბების სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი სერგეი ლიპინი და მისი მეუღლე  სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ და პატიმრობის 16 და 13 წლიანი ვადის გარდა, სერგეი ლიპინს დაეკისრა ჯარიმა 500 000, მის მეუღლეს, ნანული ჭულუხაძე-ლიპინას კი და 300 000 რუსული რუბლის ოდენობით.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით ცოლ-ქმარმა დანაშაული აღიარა.

ცხინვალის ე.წ. პროკურატულის  ბრალდებით, სერგეი ლიპინმა საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც 2008 წელს ქართულმა მხარემ გამოიყენა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სპეცსამსახურები მსჯავრდებულების ქალიშვილსაც ეძებენ, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

კვირის ამბები