სამართალი
23.07.2020 10:49
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დღეს თბილისში გაიმართება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოს თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

დაკავებულ ზ. ა-ს ბრალად ედება სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. ბრალდებული 21 ივლისს დააკავეს.

დაკავებულის უფლებებს ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი იცავს.

 

კვირის ამბები