კულტურა
22.07.2020 12:06
გორის თეატრის წინ დამსახურებული მსახიობისა და რეჟისორის ანზორ გვაძაბიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ, ანზორ გვაძაბიას ვარსკვლავი გაიხსნება. გორის საპატიო მოქალაქეს, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატს, ლილი იოსელიანის სახელობის ჯილდოსა და არაერთი წოდებისა და ტიტულის მქონე დამსახურებულ ხელოვანს ვარსკვლავს საზეიმო ვითარებაში, 26 ივლისს გაუხსნიან. ცერემონია ამავე დღეს დაანონსებული სპექტაკლის - „ღია ზღვაში“ - დასრულების შემდეგ დაიწყება, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ ანზორ გვაძაბია თამაშობს.
„ასე მგონია, როდესაც ვარსკვლავზე შევდგები, კიდევ ერთხელ ვიგრძნობ ლილი იოსელიანის ჩემში სიცოცხლესა და ყოფნას. ეს გახლავთ უდიდესი რეჟისორი, ქალი ქურუმი, რომელმაც ჩემგან ის შექმნა, რაც ახლა ვარ - ამდენი დამსახურებით, მიღწევებითა და ადამიანების სიყვარულით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შევხვდი ამ ამბის გაგებას, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ ლეო ოზგებაშვილის ვარსკვლავის გახსნაზე დაანონსა დავით ოქიტაშვილმა ჩემი ვარსკვლავის გახსნა, თუმცა, კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ ყველაზე ბოლოს მე გავიგე, როდესაც თეატრის მთავარმა რეჟისორმა რეპეტიციაზე გამოაცხადა. ინფორმაციის გაჟღერებას აპლოდისმენტები და კოლეგების ხმამაღალი შეძახილები მოჰყვა. მოკლედ რომ ვთქვა, 26 ივლისს, ათ საათზე იგეგმება ჩემი ვარსკვლავის გახსნა, ვისაც სურვილი აქვს, ვისაც უყვარს, ეძვირფასება და სტკივა ანზორ გვაძაბია, ალბათ ყველა მოვა და მეც საშუალება მექნება, ყველას მოვეფერო ჩემი ჩვეული თავმდაბლობით და სიყვარულით სავსე გულით“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ანზორ გვაძაბიამ.
შეგახსენებთ, ცნობილი რეჟისორი და მსახიობი სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა გორის, ფოთის, ზუგდიდისა და გრიბოედოვის თეატრებში. რაც შეეხება მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ ნამუშევარს, ანზორ გვაძაბია მიიჩნევს, რომ ასეთი გამორჩეული ადგილი მის კარიერაში „ალუბლის ბაღს“ უკავია, სადაც ფირსის როლი შეასრულა და ქართველებთან ერთად უცხოელი მაყურებელიც მოხიბლა.
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ გახსნილი პირველი ვარსკვლავი ლეო ოზგებაშვილის სახელს ატარებს, მეორე ვარსკვლავიც გორის თეატრის კიდევ გამორჩეულ მსახიობს ხვდა წილად.
კვირის ამბები