უახლოეს მომავალში ქართულ სტადიონებს მაყურებელი დაუბრუნდება. ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.
,,თვეზე მეტია, რაც განახლდა საქართველოს ჩემპიონატი, თუმცა - მაყურებლის გარეშე. ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ შეზღუდვები მოიხსნას ეტაპობრივად. პრემიერ-მინისტრს და საბჭოს წევრებს მოვახსენე არსებული ვითარება სტადიონებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ სტადიონის მიღმა გულშემატკივრები მაინც იკრიბებიან ვიწრო სივრცეში და ეს არ არის კარგი უსაფრთხოების მხრივ... მომდევნო დღეებში პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება სტადიონზე, თუმცა ეს არ მოხდება ქაოტურად. სტადიონების ტევადობიდან გამომდინარე, დავუშვებთ გარკვეული რაოდენობის გულშემატკივარს", - თქვა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა - 1 ივნისის მიწურულს განახლდა. რამდენიმე დღის წინ გაგრძელდა მარტში შეწყვეტილი ეროვნული ლიგა 2, ივლისის მიწურულს ეროვნული ლიგა 3 განაახლებს შეჯიბრებას.
გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ კობიაშვილის განცხადებას უკვე უახლეს ტურებზევე მაყურებელთა გარკვეული რაოდენობით დაშვების ნებართვა მოჰყვება.
გორია ,,დილას" უახლოესი მატჩი 26 ივლისს შინ ექნება ბათუმის ,,დინამოსთან",
გორის ,,გორი" კი, 27 ივლისს, ასევე შინ მიიღებს ჩოხატაურის ,,ბახმაროს".