საინტერესო ამბები
16.10.2019 11:55
პირველი ფემინისტი ქალი გორიდან

"19 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მალე დავწვრილშვილდი, ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. მე არ დავუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, ყმობას და თავშეწირვას კერისას. ამისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა. მე იმ ვიწრო კედლებსა შუა, რომლებსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქიდან მუდამ თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას“ - ამ სიტყვებით მიესალმა ეკატერინე გაბაშვილი თავის მეგობრებს, რომლებიც მისი მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე შეიკრიბნენ.

ეკატერინე გაბაშვილი დაიბადა გორში 1851 წლის 16 ივნისს, დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწაროები „მაგდანას ლურჯა“, ქალის მძიმე ხვედრზე მოგვითხრობს.

ეკატერინე გაბაშვილის როლი ქართველ ქალთა ემანსიპაციისთვის ბრძოლაში ძალიან დიდია. მან პირველმა დააყენა ქალთა განათლების აუცილებლობის საკითხი საზოგადოებაში. იგი საპატიო ადგილს იკავებს პირველ ქართველ ქალ უფლებადამცველების - ბარბარე ჯორჯაძისა და კატო მიქელაძის გვერდით.

იგი ხსნიდა სამკერვალო სკოლებს ქალებისთვის, აგზავნიდა კორესპონდენციებს გაზეთებში, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელი, ქალთა წრის დაარსებისა და მისი რეგიონული ფილიალების შექმნის ინიციატორი.

გაბაშვილი თავისი შემოქმედებით ცდილობდა დაერწმუნებინა, მისი თანამედროვენი, თანასწორობის იდეის საჭიროებაში. მან უამრავ ქალს აუხილა თვალი და მისცა თვითგამორკვევისა და განვითარების ბიძგი.

ეკატერინე გაბაშვილის სახლ-მუზეუმი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს, სადაც ცნობილი მწერალი და მოღვაწე გათხოვილი იყო. იგი გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

კვირის ამბები