სპორტი
20.07.2020 12:56
„დილამ“ ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა

მეტად მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო გორის „დილამ“ თბილისში „დინამოსთან“ 2:1 და ჩემპიონატის ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

„დინამო“ – „დილას“ გუშინდელი პაექრობა ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა გახლდათ, რადგან ამ თამაშამდე დილა - პირველ, დინამო კი - მეორე ადგილებზე იმყოფებოდა და ცხრილში მათ შორის მხოლოდ 2 ქულა იყო სხვაობა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის „დინამოს“, თანაც სტუმრად ეთამაშებოდნენ, გორელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ მაინც მხოლოდ მოსაგებად მომართული გუნდი გაიყვანა მინდორზე. „დილამ“ პირველ ტაიმშივე გამოაჩინა ბრჭყალები. 37-ე წუთზე ახალგაზრდა გორელმა ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძემ, გიორგი ლაცაბიძის პასით აიღო მასპინძელთა კარი.

მეორე ტაიმის დაასაწყიში გორელები კაცნაკლულნი დარჩნენ (ორი გაფრთხილების გამო „დილას“ კაპიტანი დავით მაისაშვილი მსაჯმა მოედნიდან გააძევა). აქედან 5 წუთში „დინამომ“ ანგარიშში წონასწორობის აღდგენა შეძლო. პენალტი გიორგი კუციამ შეასრულა ზუსტად - 1:1.

მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, როდესაც „დინამომ“ ვა-ბანკზე წასვლა და გამარჯვებისთვის შტურმის მოწყობა გადაწყვიტა, გორელებმა მწვავე კონტრშეტევა განახროციელეს და გუნდის ბომბარდირმა მიკოლა კოვტალიუკმა გამარჯვების გოლი იქით გაუტანა მოწინააღმდეგეს - 1:2 „დილას“ სასარგებლოდ.

„დილამ“ ლიდერობა 14 ქულით გაიმყარა და ახლა მისი უახლოესი მდევარი ბათუმის „დინამოა“ 10 ქულით. 9-9 ქულა აქვთ და III-IV ადგილებს იყოფენ თბილისის „დინამო“ და „თელავი“.

მომდევნო ტურში „დილა“, თავის ახალ უშუალო მდევარს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს 21 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები