გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 12 საათზე იწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციას 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები (მინიმალური ზღვარი 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები) გაივლიან.
GMnwes-ის ინფორმაციით, ქალაქში მდებარე ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად გახორციელდება, რისთვისაც მშობლები შემდეგ ელ.მისამართს- www.gorikids.ge - უნდა ეწვივნონ. რაიონის ბაღებში ჩასარიცხად კი, განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთანაა შესაძლებელი.
„კიდე ერთხელ შევახსენებთ მშობლებს, რომ რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, თითოეული აპლიკაცია განიხილება და მოხდება მშობლებთან დაკავშირება, რის შემდეგაც მშობლები სააგენტოში წარადგენენ ჩასარიცხი ბავშვების საბუთებს - ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (¾); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან; არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
ასევე, დღეიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა რეგისტრაციაც. ჩარიცხვის მსურველმა მშობლებმა შესაბამისი განცხადება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში (სტალინის გამზ.16) უნდა დაწერონ და წარადგინონ შემდეგი საბუთები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (¾); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან; არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.