საზოგადოება
17.07.2020 11:33
სექტემბრიდან სასწავლო პროცესი შესაძლოა შერეული მოდელით განახლდეს რაც სკოლაში სიარულსაც და ონლაინ სწავლებასაც მოიცავს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე, ონლაინ სწავლებას მოიცავს.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ და საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად, ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება,“ - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ონლაინ სწავლება მაღალი კლასებისთვის განხორციელდეს, ხოლო სასკოლო სწავლება დაბალი კლასებისთვის, გაბუნია ამბობს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია ონლაინ საკლასო სწავლება, რა დროსაც საჭირო არ არის საკლასო პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარება მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. დანარჩენ შემთხვევაში კი, მოსწავლეებს ტრადიციულ საგაკვეთილო პროცესზე დასწრება შეეძლებათ.
კვირის ამბები