ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „კოვიდ-19“ არ უდასტურდებათ, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების კიდევ 10 სამხედრო მოსამსახურის კოვიდინფიცირების შესახებ. როგორც ცნობილია, სამხედრო პირები გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად, 10 ივლისს და დღეს განხორციელდა.
„10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს - ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება. სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მაღალ დონეზე შეაფასა,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, როგორც ცნობილია, დანაყოფი დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის.