სამართალი
15.10.2019 16:52
5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა, წინასწარი შეცნობით, თავის სახლსა და დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, 5 წლის ასაკის ბავშვის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა გარყვნილი ქმედება. აღნიშნული საქმის პროკურორის, ნათია კიკალიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა და შესაბამისად, ბრალდებულს სწორედ აღნიშნული მუხლით წარედგინა ბრალი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს ძალადობის გარეშე, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. ფაქტი კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაზარალებულის ინტერესებს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატი ქეთი გაგოევი იცავდა, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მცირეწლოვანია, საქმის მასალებსა და სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ,,მოგეხსენებათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანია, შესაბამისად, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული საქმის დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა GMnews-თან ქეთი გაგოევმა
კვირის ამბები