ახალგაზრდობის სააგენტომ რეგიონული ტურნეს რიგით მერვე შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში გამართა. დიალოგი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა და ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს გიგი ხოჯევანიშვილს, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდა.
GMnews-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა ადგილობრივ დონეზე ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს.
„ჩვენ მხარის რწმუნებულს, გორის მუნიციპალიტეტის მერს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელს შევხვდით. გორის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც უკვე არსებობს პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის რევიზიაც მოხდება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანი, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნაა, ამისათვის საჭიროა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი ადამიანური რესურსის არსებობა თითოეულ მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რეზო ჩარკვიანმა.
ახალგაზრდობის სააგენტო არაფორმალური განათლებით ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციებისა და ახალი შესაძლებლობების მიცემას ისახავს მიზნად. ამისთვის, შემუშავებულია ევროპული სტანდარტების სამწლიანი რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრებს ატარებს.
მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამსი ფარგლებში, ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი - საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, უნდა არსებობდეს ახალაგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს.