გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტების 59 დასახლებული პუნქტი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს მიიღებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„256 000 მოქალაქეს, რომლებიც მაღალმთიან დასახლებაში მაცხოვრებლის სტატუსით უკვე სარგებლობს, დაემატება კიდევ 26 000 მოქალაქე. აქედან, 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივაა გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრიდით. გარდა ამისა, გურიაში, გომისმთა ასევე მიიღებს ჯერ დასახლებული პუნქტის, შემდეგ კი - მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, გამყოფ ხაზთან მდებარე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის ახლადმინიჭებული სტატუსის მქონე 19 სოფლიდან 11 სოფელი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს - ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში. 8 სოფელი კი დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის - ბაქაქურები, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, პეტრიანი, ქედელობა, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი.
სტატუსის მინიჭების შემდეგ, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.