საზოგადოება
16.07.2020 14:12
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.
პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი გამოიყო.
GMnews-ის ინფორმაციით, სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჯამში, 150-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.
მიგრანტთა განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება. დაინტერესებულ პირებს, განაცხადის გაკეთება გორში, სამების ქუჩა N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ.
კვირის ამბები