კულტურა
16.07.2020 13:32
გორის თეატრში რეპეტიციები განახლდა - მონატრებულ მაყურებელთან შეხვედრა მალე ღია სივრცეში შედგება
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მონატრებულ მაყურებელს მალე ღია სივრცეში შეხვდება. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, გორის თეატრში რეპეტიციები განახლდა და მსახიობები რამდენიმე დღეში სასცენო ხელოვნებისმოყვარულებთან შესახვედრად მზად იქნებიან. აღნიშნულის შესახებ GMnews-თან, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით ჩხარტიშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსმა გარკვეული პერიოდი მაყურებელთან განშორება გვაიძულა. ახლა, როგორც კი, მოქმედმა რეგულაციამ ღია სივრცეში წარმოდგენების გამართვის შესაძლებლობას მოგვცა, მაყურებელთან შესახვედრად აქტიური მზადება დავიწყეთ. რეპეტიციებსა და ტექნიკურ სამუშაოებს, დაახლოებით, 7-10 დღეში დავასრულებთ და სპექტაკლებს თეატრის ეზოში მოწყობილ სცენაზე, 21:00 საათზე ვითამაშებთ. რაც შეეხება იმას თუ რომელ წარმოდგენებს შევარჩევთ საჩვენებლად, გეტყვით, რომ სპექტაკლები არსებული რეპერტუარიდან იქნება და ამაზე ინფორმაციას ოდნავ მოგვიანებით გავავრცელებთ. ღია სივრცეში, სავარაუდოდ, სამ წარმოდგენას გავმართავთ და ეს ყველაფერი შემოქმედებითი სეზონის დახურვის სახეს მიიღებს. ახალ სეზონს კი, საპრემიერო ჩვენებით აგვისტოში ან სექტემბერში დავიწყებთ“, - აღნიშნა დავით ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა მუშაობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან შეწყვიტა.
კვირის ამბები