გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები 689 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება და რეაბილიტაცია გორი-ნიქოზის საავტომობილო გზიდან მშენებარე სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ საავტმობილო გზის მონაკვეთს უტარდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგებას, ასევე, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.
„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. მთლიანობაში, გზის რეაბილიტაციისთვის 342 000 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ გზაზე, რომელიც მთლიანად გრუნტით იყო დაფარული, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივია, სოფლის მაცხოვრებლებს გზაზე გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.