საზოგადოება
15.07.2020 13:54
მოქალაქეებს კორონავირუსთან ერთად სიფრთხილით ცხოვრება ერთი წელი მაინც მოუწევთ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის შეფასებით, მოქალაქეებს კორონავირუსთან ერთად სიფრთხილით ცხოვრება ერთი წელი მაინც მოუწევთ, ამიტომ, იმნაძე კვლავ დადგენილი წესების დაცვასა და პირბადეების გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ძალიან ხშირ შემთხვევაში, ნიღბების ტარება ძალიან ფორმალური გახდა. სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ „კოვიდი“ არსად წასულა. რა სიტუაციაც გვაქვს, ამას შენარჩუნება უნდა, რისი ერთადერთი გზაც ის არის, რომ არ დაგვავიწყდეს - „კორონა“ კვლავ ჩვენს გვერდით არის. შეზღუდვები პრაქტიკულად მოიხსნა, ყველა ბიზნესი გაიხსნა, დარჩენილია საქორწილო ბიზნესი, სარიტუალო სუფრებთან დაკავშირებული ბიზნესები და საბავშო გასართობი ცენტრები. ესეც ალბათ ნელ-ნელა გაიხსნება. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ 100-კაციანი ქორწილები იქნება. მოვა ამის დროც და მერე გადავიხადოთ დიდი სუფრები, თუმცა, მანამდე პატარა სუფრებზე შეიძლება საუბარი რაღაც პერიოდის შემდეგ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოქალაქეებს კვლავ არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. „ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანცია, პირადი ჰიგიენა, თავი ავარიდოთ ბევრი ადამიანის შეკრებას. სანამ ვაქცინა ან ეფექტიანი წამალი იქნება, რომელიც უშუალოდ ვირუსს მოკლავს, მანამდე ასე უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ დაგვრჩენია“, - აღნიშნა იმნაძემ.

კვირის ამბები