გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზიდან 500 მეტრში მდებარე სამების ტაძარი უახლოეს პერიოდში პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სამრეკლოს სრულ დემონტაჟს, კედლების გადაწყობას, ინტერიერში კედლების შელესვას და იატაკის მოწყობას, ასევე, სახურავის შეცვლასა და სამრეკლოს ადგილას გადახურვის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და როგორც ცნობილია, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე დარბაზული ეკლესია გვიან ფეოდალური ხანით თარიღდება, საუკუნეების განმავლობაში ნახევრად დანგრეული ტაძარი წლების წინ აღადგინეს, თუმცა, რეაბილიტირებულ ტაძარს პირვანდელი სახე შენარჩუნებული არ აქვს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ისტორიულ ძეგლს საფუძვლიანი რეაბილიტაცია პირველად ჩაუტარდება და მაქსიმალურად შეეცდებიან, ტაძრის ავთენტურობის აღდგენასა და მისი პირვანდელი სახის შენარჩუნებას.
ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, აღდგენის შემდეგ, ბერშუეთის სამების ტაძარში მამათა მონასტერი განთავსდეს.