მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. სიახლის თანახმად, თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაციის ნორმები დარღვეულია, მომხმარებელი კი, უარს აცხადებს მოწყობილობის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ პოლიციას აცნობოს.
ამავე რეგულაციების მიხედვით, თვითნაკეთი და შესაბამისობის სერტიფიკატის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობისას ან მოწყობილობის სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე მონტაჟის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარი იქნება. აღნიშნული დარღვევების განმეორების ან უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის თვითნებური აღდგენისას, ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული პირი კი, 1500 ლარით დაჯარიმდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რეგულაციების დაწესების მიზანი ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.