„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ. აღნიშნული ცვლილებებისთვის მხარდაჭერის შემთხვევაში, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.
პლენარულ სესიაზე კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართება, რაც კანონპროექტს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, ცვლილებებს ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.
,,კოვიდ 19 -თან ბრძოლის გზაზე საქართველომ მიაღწია გამორჩეულად პოზიტიურ შედეგს, ჩვენ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. სპეციალისტთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ მოსალოდნელია მეორე ტალღა, ამისთვის ქვეყნები უკვე ემზადებიან. შეინიშნება ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაც, ამიტომ, ჩვენც ისევე, როგორც სხვა ქვეყნები უნდა მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლებას საშუალება ჰქონდეს კრიზისი მართოს სწორად, ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ვადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს ახალ წლამდე იმისთვის, რომ მთავრობამ შეძლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი", - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.