კონფლიქტები
13.07.2020 18:53
ზაზა გახელაძე ამჟამად იმყოფება ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში - ირაკლი ანთაძე

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამჟამად იგი იმყოფება ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში - აღნიშნული განცხადება სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ზაზა გახელაძის ოჯახში სტუმრობისას გააკეთა.

„დღეს ჩვენ გახლდით უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გაზიარებულ იქნა ცხელი ხაზით. არსებული ინფორმაციის თანახმად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამჟამად იგი იმყოფება ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში. 11 ივლისის შემდეგ, ცხელი ხაზი გააქტიურდა 11-ჯერ, ხდება რეალურ დროში ინფორმაციის გაზიარება როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო მეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის ფორმირების მიზნით, ამაზე მეტყველებს უკვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული განცხადება და ასევე, აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტზე", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ზაზა გახელაძე 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

კვირის ამბები