საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება, - ეს ჩანაწერი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ ახალ რედაქციაშია შეტანილი. ნორმატიულ აქტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით (80 მომხრე) დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის მიხედვით, ნარჩენების ავტომობილიდან გადაყრის შემთხვევაში მძღოლი 120 ლარის ნაცვლად, 250 ლარით დაჯარიმდება. იგივე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ იმ პირებსაც, ვინც 2კგ.მდე ნაგავს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის.
„5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან მეტი საბურავის შემთხვევაში - ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება“, - წერია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესწორებულ ვარიანტში.
თუ ქუჩაში დაყრილი ნარჩენის ოდენობა 2 კგ-ს უტოლდება ან აღემატება მას, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარით განისაზღვრება, იურიდიული პირების შემთხვევაში კი, 1000 ლარის ნაცვლად, 1500 ლარით. ამასთან, 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები 300 ლარის ნაცვლად, 1000 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები - 1000 ლარის ნაცვლად - 3000 ლარით; დიდი მოცულობის ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გათვალისწინებული სანქცია გაოთხმაგდება და ფიზიკური პირი - 2000 ლარით, იურიდიული პირი კი - 6000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.