დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება დასაშვები გახდა, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი, 200 ადამიანზე მეტი არ დაიშვება, - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნასთან დაკავშირებით, ეტაპობრივად მიიღებს.