მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება.17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სრულწლოვან ასაკს მიუღწეველ პირებს, მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება 18 წლამდე აღარ ექნებათ. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
„მთავარი ის კი არ არის მართვის მოწმობას 17 წლისა აიღებს ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, მთავარი ისაა, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს იგი ამ ნებართვას. ავტოსკოლებში მოქალაქეებს ე.წ. კოდირების გზით აზეპირებენ საგამოცდო თეორიულ საკითხებს. გამოცდაზე უმრავლესობა ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდების იმედად გადის. შედეგად, ხშირ შემთხვევაში, მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის. შედეგი სახეზეა - საგზაო შემთხვევებით დამძიმებული სტატისტიკა. ამიტომაც ვფიქრობ, ეს რეგულაცია შესაბამისმა უწყებამ რაც შეიძლება მალე უნდა დააწესოს“, - ამბობს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, 3764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დაიღუპა 314 და დაშავდა 5 212 ადამიანი.