საზოგადოება
13.07.2020 12:55
ავღანეთიდან ჩამოყვანილი კოვიდინფიცირებული 28 სამხედრო პირის ჯანმრთელობის მდგომარერობა სტაბილურია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული ავღანეთიდან ჩამოყვანილი კოვიდინფიცირებული 28 სამხედრო პირის ჯანმრთელობის მდგომარერობა სტაბილურია. როგორც GMnews-ს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მათ ჩივილები არ აქვთ და დაავადება არ პროგრესირებს.

„ავღანეთიდან გადმოყვანილ 28 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთაც დადასტურებული აქვთ COVID 19-ის დიაგნოზი, ჩივილები არ აქვთ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი კვლავ მოთავსებულები არიან ნახევრადბოქსირებულ პალატებში და მკურნალობას გადიან შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით“, - განუცხადეს GMnews-ს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობისას კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში 10 ივლისს ჩამოიყვანეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

კვირის ამბები