„ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან სამეფო ქუჩა გორისთვის ისტორიული ქუჩაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებით,“ - აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის განხილვისას განაცხადა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი გორში ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს უკვე გააცნეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და სამეფო ქუჩის მაცხოვრებლები.
„ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან სამეფო ქუჩა ისტორიული ქუჩაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებით. დღეს ეს ქუჩა ნაწილია იმ დიდი პროექტებისა, რაც განხორციელდა და რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება ჩვენს ქალაქში - ბარნოვის ქუჩისა და გორისციხის მიმდინარე პროექტები, სამეფო ქუჩის, ბარნოვის ქუჩის მეორე ნაწილის, ძველი ხიდისა და ახალბაღის დაგეგმილი პროექტები ერთიან ახალ სივრცეს შექმნის, რაც ხელს შეუწყობს გორის ისტორიული უბნის გალამაზებას და მეტი ტურისტის მოზიდვას,“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, ხოლო ქუჩის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ქუჩის სამანქანო და საფეხმავლო გზებისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; ტროტუარზე მოეწყობა ქვაფენილი, დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე ტიპის გარეგანათება, დეკორატიული სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი, მოეწყობა გამწვანების ზოლი. პროექტი, ასევე, მოიცავს ყველა ტიპის კომუნიკაციის (ელექტროსადენები, გაზის, წყლის და კანალიზაციის) ახალი მიწისქვეშა ქსელების მოწყობას, რაც აქამდე აღნიშნულ ქუჩას არ ჰქონია.