კონფლიქტები
13.07.2020 00:03
ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფად აღდგენა მნიშვნელოვანია - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავსირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ხაზგასმულია ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენის მნიშვნელობა.

„მისია მთელი დღის განმავლობაში ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოფისის მიერ განცხადებაში.

შეგახსენებთ, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა. დაკავებული ჯერ ოკუპირებულ ახალგორში, შემდგომ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

კვირის ამბები