სპორტი
12.07.2020 11:08
გორის ,,დილამ” ,,მერანი” დიდი ანგარიშით - 4:0 გაანადგურა

გორის ,,დილამ“ ეროვნულ ლიგაში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მეხუთე ტურის მატჩში, გორელებმა თბილისის ,,მერანს“ უმასპინძლეს და გამანადგურებელი ანგარიშით - 4:0 სძლიეს მეტოქეს.

პირველი ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისით მწირი აღმოჩნდა და ოთხივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა.

პირველად თავი ,,დილას“ უკრაინელმა ლეგიონერმა, მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა, რომელმაც მარკოზაშვილის პასი აქცია გოლად. ანგარიში ორამდე 19 წლის გორელმა ფეხბურთელმა - ნიკა გაგნიძემ გაზარდა, მესამედ ,,მერანი“ ირაკლი ლექვთაძემ დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში ისევ მიკოლა კოვტალიუკმა დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მიწურულს დანიშნული 11 მეტრიანი შეასრულა ზუსტად და - 4:0.

ეს კოვტალიუკის მიერ ბოლო 3 ტურში გატანილი უკვე მეხუთე გოლია და ამით ლიგის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა კიდეც. თავის მხრივ, ,,დილა“, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია, სატურნირო ცხრილში მინიმუმ დღევანდელი დღის ბოლომდე ერთპიროვნული ლიდერი იქნება. ჩვენი გუნდი ამ პოზიციაზე დარჩება, თუ დღეს თბილისის ,,დინამომ“ ვერ შეძლო ქუთაისში ,,ტორპედოსთან“ გამარჯვების მოპოვება, ხოლო თუ ,,დინამომაც“ მოიგო, ,,დილა“ და ,,დინამო“ ისევ თანაბარი ქულებით გაიყოფენ I-II ადგილებს.

კვირის ამბები