საზოგადოება
10.07.2020 14:59
ვცდილობდით, შევსულიყავით სოფელ დიცში, მაგრამ არ მოგვცეს უფლება - პაპუნა კობერიძე, ,,ლელოს“ გორის ოფისის ხელმძღვანელი

,,ლელოს“ ლიდერების განცხადებით, სამართალდამცავებმა პოლიტიკური მოძრაობის წევრები საოკუპაციი ხაზთან მდებარე სოფელ დიცში არ შეუშვეს. ,,ორსაათნახევრის განმავლობაში ვცდილობდით, შევსულიყავით სოფელ დიცში, მაგრამ სამწუხაროდ არ მოგვცეს უფლება და ვერც ვერანაირი არგუმენტი ვერ გვითხრეს, რატომ არ გვიშვებდნენ აღნიშნულ სოფელში. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ხედავენ, რომ ლელოს აქვს მზარდი რეიტინგი, ძლიერდება და ხელისუფლებას ეშინია, რომ დაკარგავს სადავეებს", - განაცხადა ,,ლელოს" გორის ოფისის ხელმძღვანელმა პაპუნა კობერიძემ.

,,ლელოს" წევრი, იურისტი კახა კოჟორიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ფაქტის გამო, პროკურატურას მიმართონ. ,,დავაკვირდებით რა რეაგირება ექნებათ და მოგვცემენ თუ არა განმეორებით იქ შესვლის უფლებას. თუ კიდევ მივიღებთ უარს, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებას ოფიციალურად, პარტიის სახელით. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა არის დანაშაული", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, ამგვარ პირობებში ,,ლელო“ ვერ წარმართავს თანაბარ და თანასწორ წინასაარჩევნო კამპანიას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში.

,,გორის მუნიციპალიტეტის 25 სოფელი არის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს, რომ საარჩევნოდ, ფაქტობრივად, ვერცერთი პოლიტიკური გაერთიანება, „ქართული ოცნების“ გარდა, ვერ წარმართავს სწორ, თანაბარ და თანასწორ წინასაარჩევნო კამპანიას ამ სოფლებში", - აღნიშნა ვახტანგაშვილმა.

,,ლელოს“ წევრები დიცსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა სოფლებში ჩასვლას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

კვირის ამბები