საზოგადოება
10.07.2020 15:09
ახალგაზრდების ჯანმრთელობით ვერ გავრისკავთ, წელს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისგან თავს შევიკავებთ - მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 ივლისიდან, ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება და შესაბამისად, სხვადასხვა სახის აქტივობა დასაშვები ხდება.

რეგულაციის გაუქმების შემდეგ, განახორციელებს თუ არა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობას და გასული წლების მსგავსად, წელსაც თუ იგეგმება ახალგაზრდული ბანაკების მოწყობა - ამ საკითხით GMnews გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს დაუკავშირდა. დიმიტრი გოგიაშვილი GMnews-თან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად რეგულაციის გაუქმებისა, გორის მერია წელს მსგავსი სახის აქტივობებისგან თავს შეიკავებს.

„მართალია, 13 ივლისიდან რიგი შეზღუდვები იხსნება, მათ შორის ღია სივრცეში კულტურული ღონისძებების გამართვაზე დაწესებული აკრძალვაც, მაგრამ გორის მერია, წელს მსგავსი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისგან თავს შეიკავებს. ახალგაზრდების ჯანმრთელობით ვერ გავრისკავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ წლის დასაწყისში გაწერილი ღონისძიებების გრაფიკი საკმაოდ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განათლებისა და სოციალური განვითარებისთვის, ვფიქრობთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების გათვალისწინებით, ეს ღონისძიებები გადავდოთ, სავარაუდოდ მომავალ წლამდე“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას დიმიტრი გოგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით, გუშინ გახდა ცნობილი.

კვირის ამბები