რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მონატრებული მკითხველისა და თანამედროვე ავტორების პირველი შეხვედრა შედგება. საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლიტურისმოყვარულებს უფლისციხეში ეპატიჟება. ღონისძიება 26 ივლისსაა ჩანიშნული. როგორც დავით ახლოურმა GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, ღონისძიების მსვლელობისას, ასევე, გაიმართება ონლაინ ვიქტორინის - „ჩემი საქართველოს“ გამარჯვებულების დაჯილდოება.
„მოგეხსენებათ, კულტურული ღონისძიების ჩატარება ღია ცის ქვეშ 13 ივლისიდან ნებადართულია და გვეძლევა საშუალება ისევ შევხვდეთ ერთმანეთს. გადავწყვიტეთ ჩავატაროთ ლიტერატურული საღამო უფლისციხეში, ბუნებრივია, ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით. ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზეც, გასულ წელს წამოწყებული პროექტების განახლებაზე... მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დროს წამოვიწყეთ ვიქტორინა „ჩემი საქართველო". მწერლები და უბრალოდ ლიტერატურისმოყვარულები, შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ჯგუფში მკითხველს სთავაზობდნენ კითხვებს. გამარჯვებულისთვის განკუთვნილი იყო საჩუქარი - ძირითადად წიგნები ავტოგრაფით. ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ მცირედით მაინც გაგვეხალისებინა ჩვენი მკითხველები იმ მძიმე დღეებში, მეორეც - გამოვავლენდით ჩვენს ინტელექტუალურ ცოდნას და მესამეც - ხდებოდა ჩვენი მეგობრების მართლაც შესანიშნავი წიგნების პოპულარიზაცია. 30 - მდე გამარჯვებული გვყავს, მათ შორის ემიგრანტები. მართალია, ყველა მათგანი ვერ დაესწრება ამ ღონისძიებას, მაგრამ დამსახურებულ საჩუქარს ყველა გამარჯვებულამდე მივიტანთ“, - აღნიშნა დავით ახლოურმა.
საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ლიტერატურული ღონისძიება კლდეში ნაკვეთ ანტიკურ ქალაქში 14:00 საათზე დაიწყება.