სოფელ ციცაგიანთკარის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მოუგვარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს თავად გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მიაწოდა.
„სოფელ ციცაგიანთკარის მოსახლეობა გასული საუკუნის 80-იან წლებში მოწყობილი, ფაქტობრივად ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობს. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი - საერთოდ არ მიეწოდება. ამიტომაც, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე მიმდინარეობს და კანონით დადგენილ ვადებში პროექტის განხორციელებაც დაიწყება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს ურპობლემოდ მიიღებს“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის შესყიდვის ღირებულება 358 844 ლარია. საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის „ზრდა“ პროექტმა მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა.
აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდი ნაწილის (87%) მოპოვებაშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას USAID-ის „ზრდა“ პროექტი დაეხმარა. პროექტმა დაფინანსება ეუთოს მხარდაჭერით, იტალიის რესპუბლიკისგან მიიღო.