საზოგადოება
10.07.2020 10:52
ავღანეთიდან ჩამოყვანილი კოვიდინფიცირებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორის ჰოსპიტალში მოათავსეს

ავღანეთიდან დღეს დილით ჩამოყვანილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობისას კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში დღეს დილით ჩამოიყვანეს.

ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ყველა მათგანი მოთავსებულია ნახევრადბოქსირებულ პალატაში.

,,სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთიდან გადმოყვანილია 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც დადასტურებული აქვთ COVID 19-ის დიაგნოზი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვთ, ისინი მოთავსებულები არიან ნახევრადბოქსირებულ პალატებში სტაციონარულ მკურნალობაზე მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ჩიმაკაძემ.  

ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე 28 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მორიგი ტესტირებისას კოვიდინფიცირების დადასტურების შემდეგ, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

კვირის ამბები