სპორტი
09.07.2020 16:13
გენო პეტრიაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიადის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ

ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაციის (UWW) აღმასრულებელმა კომიტეტმა საერთაშორისო კალენდარში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილების თანახმად, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 31 აგვისტომდე დაგეგმილი არცერთი შეჯიბრი აღარ ჩატარდება, 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კი, წლის მიწურულს, 12–20 დეკემბერს ბელგრადში გაიმართება.

შესაბამისად, გენო პეტრიაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი, წლეულს, ოლიმპიური თამაშების ნაცვლად, მსოფლიოს ჩემპიონატზე იბრძოლებენ წარმატებისათვის.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის (2017, 2018, 2019 წწ.), ხოლო ლადო ხინჩეგაშვილი (2015 წ.) ერთგზის ჩემპიონია. გარდა ამისა ლადო ოლიმპიური თამაშების ოქროსა (2016) და ვერცხლის (2012), გენო კი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის (2016) მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ წელიწადს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში არ იმართება და წლევანდელ სეზონზეც ასე იყო დაგეგმილი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე წელს გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

კვირის ამბები