დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში, გორელი მოხალისეებისთვის ფილმების ჩვენება მოეწყო
„კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში“ დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში, მოხალისეებისთვის ფილმების ჩვენება მოეწყო.
GMnews-ის ინფორმაციით, ღონისძების ფარგლებში, 30-მა ახალგაზრდამ ორი ფილმი იხილა და შემდეგ კინოსურათების შესახებ დისკუსიაში ჩაერთო.
„ფილმებს ახალგაზრდები დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, ხოლო ჩვენების დასრულდების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ისინი ასევე აქტიურად ჩაერთნენ და შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მიზნისკენ სწრაფვა, სიახლეების შიში, ადამიანი და საზოგადოება და ა. შ. ჩვენება გაიმართა პროგრამა PITA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში ჩვენი ცენტრი გახლავთ“, - აღნიშნეს კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში.
ფესტივალის ფარგლებში, გორელი ახალგაზრდებისთვის ორი ფილმი შეირჩა:
„ღრუბლების ხილი“ - ფილმი მოგვითხრობს საკუთარ მეგობრებთან ერთად სოროში მცხოვრები ფერის ამბავს. ისინი საკვებად მარცვლებს იყენებენ, რომლებიც მიწასთან შეხებისთანავე იზრდება. მარცვლებს იშვიათად პოულობენ, მაგრამ ტყის შიშით ადგილსამყოფელს ვერ ტოვებენ და საკვების საძებნელად ვერ მიდიან. სამაგიეროდ იმ დროს ელოდებიან, როცა მარცვლები ციდან ჩამოიყრება. ფერის მოცდა არ სურს, ტყე მასში ცნობისმოყვარეობას აღძრავს და ცდილობს გაიგოს რას მალავს მისთვის უცნობი სამყარო.
„გოგონა გრავიტაციის წინააღმდეგ“ - კინოსურათში აღწერილია 11 წლის, მონღოლეთში მცხოვრები გოგონას ისტორია. იგი ცხოვრობს ოჯახში, სადაც რეგულარულად ხდება ალკოჰოლის მოხმარებისა და დაპატიმრებების შემთხვევები. მიუხედავად ამისა, იგი თავდაუზოგავად იბრძვის დაბრკოლებების წინააღმდეგ. ის ცდილობს ყოველგვარი სიძნელე გადალახოს და წარმატებული აკრობატი გახდეს.