სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებისთვის საჭირო 1 200 000 ლარი კი ევროპის საინვესტიციო ბანკმა გამოყო.
პროექტის თანახმად, დაგეგმილია საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობა, ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია.
„სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემებრში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება.