ავტომობილებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა
ავტომობილებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილება, მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელდა.
„განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შესაბამისად, ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით შეცვალონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს, ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ავტომობილებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2020 წლის პირველი სექტემბრით იყო განსაზღვრული.