მას შემდეგ, რაც პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 5 სახელმწიფოს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, უამრავი კითხვა გაჩნდა ე.წ. კოვიდპასპორტზე, შესაძლო კარანტინსა და საზღვრის გადმოკვეთისას სავალდებულო სხვა პროცედურებზე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გახსნილი საზღვრების პირობებში, აღნიშნული 5 ქვეყნიდან - გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან და ესტონეთიდან საქართველოში შემოსულ მგზავრებს სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ. გარდა ამისა, თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ პისიარ ტესტი.
„საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა. ამ ანკეტაში თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიაზე ანუ ინფორმაცია, სად იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში. ასევე ანკეტაში იქნება გათვალისწინებული ინფორმაცია, სადაც იქნება აღნიშნული, თუ სად აპირებს დარჩეს და გაატაროს დრო ჩვენი ქვეყნის სტუმარმა საქართველოში ყოფნის პერიოდში. ასევე ხელმისაწვდომი იქნება მისი საკონტაქტო და სხვა ინფორმაცია რაც საშუალებას მოგვცემს გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში. მათივე თანხმობის შემთხვევაში ან საზღვარზე თერმოსკრინინგის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა, აეროპორტში ამ მგზავრებს ჩაუტარდებათ პისიარ ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლცენტრის ჯგუფი”, - აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.