საზოგადოება
08.07.2020 14:41
გორის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 კმ. სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტაცია იგეგმება.

შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი ადგილზე გაეცნენ.

„ჩატარებული სამუშაოები სოფელ ქვემო არცევის, დიდი გარეჯვარის, პატარა გარეჯვარის, სათემოს, ციცაგიანთკარის 525 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას და ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის“, - ნათქვამია შპს „საქართველოს მელიორაციის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე პროექტი მაგისტრალური არხის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას ითვალისწინებს, ასევე, დაგეგმილია 13,4 კმ-ზე რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა. სამუშაოებისთვის 2 817 000 მლნ ლარია გათვალისწინებული.

როგორც ცნობილია, ტირიფონის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

კვირის ამბები