საზოგადოება
08.07.2020 11:22
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპორტული დარბაზები და ფიტნეს კლუბები - ჯანდაცვის სამინისტრომ დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია და დაინტერესებულ პირებს მისი ხილვა ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე შეუძლიათ.

პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში სავალდებულოა ნიღბის ტარება, თუმცა, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სავარჯიშო სივრცეებზე. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.

ჯგუფურ ვარჯიშთან დაკავშირებით, უწყების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში წერია, რომ დარბაზში აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ხოლო, ტრენაჟორების დარბაზში ყოველ 6 კვ.მ. ფართობზე ერთი ადამიანის ვარჯიშია ნებადართული.

გარდა ამისა, დადგენილ რეკომენდაციებში დეტალურადაა გაწერილი აღნიშნული ობიექტების პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვისა და ობიექტების დალაგების წესი.

კვირის ამბები