სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა, - ინფორმაციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
„აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც“, - განმარტავენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში.
აგრობარათების მისაღებად, ფერმერმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწოს. ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა. ბარათის მიღება შესაძლებელია როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს, ასევე, გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.