ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და მძღოლებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა. რეგულაციის მიხედვით, ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი, ასევე,
ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენება საჭიროების შესაბამისად; ამავე წესდების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 60 - 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით. ამასთან, სავალდებულოა, ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება 2 საათიანი ინტერვალებით, შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით; მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად კი, დამცავი გამჭვირვალე ბარიერი უნდა მოეწყოს. ბუნებრივია, სატრანსპორტო საშუალებას ტურის დასრულების შემდეგ უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
რეგულაცია, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორსა და თვითდასაქმებულ გიდს ავალდებულებს დაიცვას განსაზღვრული მოთხოვნები. იმ შემთხვევაში თუ
ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.