საზოგადოება
07.07.2020 11:40
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ამ დროისთვის, აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 374 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, რვა მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტებთან დაფიქსირებულა  მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა. დღევანდელი გამოცდა 13:45 წუთზე დასრულდება“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს.

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრია.

ბუნებრივი განიავების - ღია ფანჯრების პირობებში, ნებადართულია კონდიციონერების ჩართვაც (როდესაც კონდიციონერი ჩართულია, სავალდებულოა პირბადის გაკეთება).

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის გუშინ დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, სამაგისტრო გამოცდები კი 1- 4 აგვისტოს გაიმართება. რაც შეეხევა მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდებს, 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

 

კვირის ამბები