საზოგადოება
06.07.2020 17:01
დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, დღეიდან, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.
GMnews-ის ინფორმაციით პროექტში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის შევსება 27 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.
პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს, ჯამში, 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის.
დევნილთა საგრანტო განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება. გორში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება სამების ქუჩა N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ.
განაცხადის გამოგზავნა, ასევე, შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე - infoidp@moh.gov.ge .
კვირის ამბები